ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით შეასრულებს. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გრძელდება.
„ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გრძელდება. ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნა იქნება დროებით, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის ჩემი საკურატორო ინსტიტუცია და ამდენი ხნის განმავლობაში ასე იყო. მე ახალი დირექტორის გამოვლენამდე დროებით შევასრულებ მოვალეობას. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში და იქნება გადაბარების პროცესი. გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ამირანმა მინისტრთან შეთანხმებით. გაგრძელდება სამუშაო პროცესი, მღელვარების მიზეზი ნამდვილად არ არსებობს“.
კითხვაზე, სთხოვა თუ არა ჯანდაცვის მინისტრმა ამირან გამყრელიძეს თანამდებობის დატოვება, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ასეთი თხოვნა არ ყოფილა.
ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.