logo_geo
eng_logo
„Viber“-ის აპლიკაციას საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ
- +

9 აგვისტო. 2022. 14:33

 

 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში (IT) საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა შპს „ვაიბერ ჯიეის“, რომელიც საქართველოში დარეგისტრირდა მიმდინარე წლის 8 აპრილს.

 

საწარმოს 100%-ის წილის მესაკუთრე პარტნიორია ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია შპს „Viber Media Sàrl“.

 

შპს „ვაიბერ ჯიეი“ აპირებს თავის დამფუძნებელ კომპანიას შპს „Viber Media Sàrl“-ს გაუწიოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება „Viber“-ის აპლიკაციის სამომავლო საქმიანობის ოპერირებისა და განვითარების მიზნით.

 

კომპანიას დაგეგმილი აქვს, 2022 წლის ბოლომდე დაიქირაოს 50-მდე თანამშრომელი, როგორც iOS და Android დეველოპერები, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის პერსონალი და შიდა ინტერფეისის (JAVA) დეველოპერები.

 

შპს „ვაიბერ ჯიეის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა, კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები, საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში, ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით, ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება.

 

იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი:

 

უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

 

შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

 

შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი და ამ პარტნიორს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner