„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ის პოლიტიკური ძალა ვართ, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული გამოცდილება, კომპეტენცია, თანამედროვე და ამავე დროს, საუკეთესო ეროვნული ფასეულობები", - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თეთრიწყაროს მოსახლეობას, სადაც „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი წარადგინა.
პრემიერის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია დისტანცია საკუთარ მოსახლეობასთან და მათ აქვთ ამბიცია, რომ გააერთიანებენ საქართველოს.
„ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ გააჩნია დისტანცია საკუთარ მოსახლეობასთან, რომლისთვისაც უცხო არ არის არაფერი ადამიანური. გაჭირვება ჩვენ პიროვნულად გამოგვიცდია და გაგვივლია. ჩვენ თქვენი ცხოვრებით გვიცხოვრია და ვცხოვრობთ დღესაც. სწორედ ამიტომ, სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ამბიცია, გააერთიანოს მთელი საქართველოს საზოგადოება, დაასრულოს გათითოკაცებული საქართველო და ავაშენოთ ერთიანი, გალამაზებული, გაფერადებული, ამუშავებული, დაქოქილი და აგუგუნებული ქვეყანა. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ საქართველოს", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თეთრიწყაროს მოსახლეობას.