უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება.
„დღეს ყირიმის თემას დიდი ყურადღება ეთმობა. ეს სწორია, რადგან ყირიმი უკრაინულია და ჩვენ არასდროს დავთმობთ მას. არ დაგვავიწყდება, რომ ყირიმის ოკუპაციასთან ერთად დაიწყო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. .
რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. რუსეთმა ყირიმს მოუტანა ფართომასშტაბური რეპრესიები, ეკოლოგიური პრობლემები, ეკონომიკური უიმედობა და ომი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ყირიმში ტერორს მიმართავს და მსოფლიო იწყებს იმის აღიარებას, რომ 2014 წელს შეცდომა დაუშვა, როდესაც გადაწყვიტა სრული ძალით არ ეპასუხა რუსეთის პირველ აგრესიულ ნაბიჯებზე.
„რუსეთის ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ, მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ, დაიწყო ყირიმით და უნდა დასრულდეს ყირიმით, მისი გათავისუფლებით. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვამატებთ აუცილებელ კომპონენტებს ყირიმის გათავისუფლების ფორმულაში. ვიცი, რომ უკრაინულ ყირიმში დავბრუნდებით“, - დასძინა მან.