რუსთავის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მონტენეგროელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი გამართა და 1:2 დამარცხდა.
მატჩის ჩვენი ნაკრებისთვის კარგად დაიწყო – გუნდმა მე-18 წუთზე ანგარიში ალექსნადრე თურქიას გოლით გახსნა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.
33-ე წუთზე სტუმრებმა ანდრეი ცამაის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინეს, საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე, დანილო ვუკანიჩმა დააფიქსირა.
საქართველოს და მონტენეგროს 17-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 11 აგვისტოს გაიმართება.
გიორგი ხიზანიშვილის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს მიმდინარე წლის ოქტომბერში ითამაშებს. 17-წლამდე ნაკრები ჯგუფში – ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.