მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 მაისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის პროცესზე, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სხდომის დარბაზში ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ისროლა.
აღნიშნულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით).
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.