მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბლაგვი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. 2022 წლის 21 აპრილს იგი დაკავებული იქნა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.