logo_geo
eng_logo
გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს
- +

11 აგვისტო. 2022. 22:34

 

 

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს. ანტონიუ გუტერეშის მოწოდება მიმართულია როგორც რუსეთის, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ. მისი თქმით, ატომური ობიექტი და მისი შემოგარენი არ უნდა გახდეს სამიზნე.

 

მანამდე უკრაინამ და რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. გავრცელებული ცნობით, სარაკეტო დარტყმების შედეგად სადგური არ დაზიანებულა.

 

ევროპაში უდიდესი ატომური სადგური რუსეთის არმიას მარტიდან აქვს ოკუპირებული, თუმცა ობიექტზე მუშაობას სადგურის უკრაინელი თანამშრომლები აგრძელებენ.

 

უკრაინის მთავრობა მოითხოვს, რომ სადგურზე არსებული მდგომარეობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებმა შეისწავლონ. კიევში ასევე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ სადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონა შეიქმნას.

 

ამ იდეას მხარი დაუჭირეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. ვაშინგტონმა ასევე მოუწოდა რუსეთს, ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი უკრაინელებს დაუბრუნოს.

 

„საბრძოლო მოქმედებები ატომურ ელექტროსადგურთან სახიფათო და უპასუხისმგებლოა. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა უკრაინის ატომურ ობიექტებსა ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner