logo_geo
eng_logo
სენატორი მარკო რუბიო: არჩევნებამდე თითქმის 3 თვით ადრე FBI-ს ქმედებები უფრო უთხრის ძირს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესისა და კანონის უზენაესობის მიმართ, ვიდრე რუსეთი ან სხვა მოწინააღმდეგე
- +

11 აგვისტო. 2022. 22:56

 

 

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მარკო რუბიომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორს, კრისტოფერ რეის წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნა, რომ როდესაც საქმე ეხება საზოგადოების ნდობის შელახვას, ფედერალური სამართალდამცავი ორგანოს ქმედებები გაცილებით უარესი შეიძლება იყოს, ვიდრე ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის ქმედებები.

 

„კონგრესში არჩევნებამდე თითქმის სამი თვით ადრე გამოძიების ფედერალური ბიუროს ქმედებები უფრო უთხრის ძირს საზოგადოების ნდობას ჩვენი სამთავრობო ინსტიტუტების, საარჩევნო პროცესისა და კანონის უზენაესობის მიმართ, ვიდრე რუსეთი ან სხვა მოწინააღმდეგე“, - ნათქვამია სენატორის წერილში.

 

„ეს ფასეულობები წარმოადგენს იმ ბირთვს, რომელსაც აშშ იცავს და რისი დაცვაც გამოძიების ფედერალურ ბიუროს ევალება. მიუხედავად ამისა, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული რეიდი განხეთქილებას თესავს. ყველა ამერიკელი იმსახურებს უფლებას იცოდეს, რატომ მოაწყო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რეიდი პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში“, - აცხადებს სენატორი.

 

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

 

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

 

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

 

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner