აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ პირადად დაამტკიცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარების ორდერი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო.
გარდა ამისა, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის დეპარტამენტი სასამართლოს ჩხრეკის ორდერის გასაჯაროების მოთხოვნით მიმართავს.
9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.
დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.