„ერთადერთი შესაძლო ტერიტორიული კომპრომისი რუსეთთან - ეს უკრაინის გასვლაა 1991 წლის საზღვრებთან. უკრაინის შეიარაღებული ძალები თანმიმდევრულად გაათავისუფლებენ ყველა დაპყრობილ ტერიტორიას ყირიმის ჩათვლით“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება ფრონტის დასტაბილურება, რათა გენშტაბმა შეძლოს მეტად ხელსაყრელი მეთოდისა და მიმართულების არჩევა კონტრშეტევისთვის.
„კონტრშეტევა ჩვენთვის აუცილებელია ტერიტორიების გასათავისუფლებლად, სწორედ ამიტომ დავაანონსეთ ჩვენ ის როგორც ფაქტი. ჩვენი ხალხი და პარტნიორები ელიან აქტიურ მოქმედებებს, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ამისთვის მეტი იარაღი გვჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანი დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებაა 1991 წლის ფარგლებში“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპრომისი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსები უკრაინის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანენ.
„მხოლოდ ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ განიხილება მეზობლობის საკითხი ქვეყნებს შორის. ისინი ვალდებულები იქნებიან აანაზღაურონ მთელი განადგურებული ინფრასტრუქტურა და უნდა გადაიხადონ საფასური თითოეული გარდაცვლილი უკრაინელისთვის - მკვლელობისთვის, გაუპატიურებისთვის, წამებისთვის და ყველა სხვა დანაშაულისთვის“, - განაცხადა რეზნიკოვმა.