logo_geo
eng_logo
იუსტიციის დეპარტამენტი იძიებს, დაარღვია თუ არა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული, სულ მცირე, 3 ფედერალური კანონი
- +

13 აგვისტო. 2022. 01:17

 

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი იძიებს, დაარღვია თუ არა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული, სულ მცირე, 3 ფედერალური კანონი. აღნიშნულს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის ჩხრეკის ორდერი ცხადყოფს, რომელიც დღეს გასაჯაროვდა.

 

ჩხრეკის ორდერის თანახმად, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) სწავლობს, დაარღვია თუ არა ტრამპმა კანონები თავდაცვითი ხასიათის ინფორმაციის შეგროვების, გადაცემის ან დაკარგვის შესახებ; ასევე კანონები ჩანაწერების განადგურების, შეცვლის ან გაყალბების და ჩანაწერების დამალვის, ამოღების ან დამახინჯების შესახებ.

 

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს.

 

თავად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტების, რომელზეც მას ფედერალური უწყება ედავება, განსაიდუმლოებული იყო.

 

11 აგვისტოს, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ პირადად დაამტკიცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარების ორდერი.

 

აღსანიშნავია, რომ მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო.

 

გარდა ამისა, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის დეპარტამენტი სასამართლოს ჩხრეკის ორდერის გასაჯაროების მოთხოვნით მიმართავს.

 

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

 

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

 

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები აღმოაჩინა, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner