დედოფლისწყაროში, სპეციალისტები ეკოლოგიურ კატასტროფას პროგნოზირებენ. მიზეზი ფერმერების მიერ სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების განადგურების მიზნით გაჩენილი ხანძრებია, რომელიც ასობით ჰექტარს მოიცავს.
ხანძრის შედეგად გარემო დაბინძურებულია, ხოლო ნიადაგის ფლორა და ფაუნა გაუდაბნოების პირასაა. მავნე პრაქტიკის წინააღმდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ კანონპროექტზე მუშაობს.
„ფიზიკო-ქიმიური თვისებების გაუარესების გარდა, ხდება ბიომრავალფეროვნების განადგურება. საბოლოო ჯამში თითოეული ფერმერი, მათი აზრით თითქოს დადებით შედეგს იღებს, სინამდვილეში კი მათსავე ხვალინდელ დღეს და მოსავალს საფრთხეს უქმნიან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.