logo_geo
eng_logo
ერთხელ რუსთაველზე...
- +

9 მარტი. 2016. 10:38


***


მანქანა კინოს სახლთან გავაჩერე. იქიდან მომავალი პირდაპირ შოთას შევაცქერდი...ჯერ შოთას... თვალი ახალგაზრდებისკენ გამექცა... ჟრიამულობდნენ თბილისელი ბაიკერები... გულში დავლოცე, მშვიდობით იარეთ-მეთქი... არადა, თან ვფიქრობდი,- ნეტავ, ვეფხისტყაოსანი თავიდან ბოლომდე თუ აქვს რომელიმეს წაკითხული? მაგრამ ისიც გავიფიქრე, - ამ მოტოციკლების მართვას რად უნდა შოთა და აკაკი ან ვაჟა და ილია-მეთქი?..

მგონი, სევდიანი იყო შოთა... რამდენი რამის მომსწრეა მაინც ამ გაგანია რუსთაველზე!... გავაგრძელე გზა, ახლოში საქმე მქონდა და აგურებიანი კედლის სკამებზე, ამ გვიანაც შეყუჟულიყო რამდენიმე წყვილი, თბილისელი ბეღურებივით ჩამომსხდარიყვნენ და მე მაშინვე უკან გავხედე შოთას... 

- საინტერესოა, რომელიმეს ნესტანი, თინათინი, ავთანდილი ან ტარიელი ხომ არ ჰქვია-მეთქი?

მაშინვე ერთი ამბავი გამახსენდა: - ავტობუსით ერთი ქუთაისელი ქალბატონი მგზავრობდა და მობილური ტელეფონით გააბა მუსაიფი:

- გეიგეე, თინა ჩამევიდა ნიუ-იორკიდან, ორი თვით კი დარჩება, გოუკეთებია საბუთები, მაგი იმნაირია რომე... აბააა?! ტარიელი კიდო, ლიტვაში წევიდა, რა ქნას, ოჯახს ხო უნდა რჩენა, მარა იქანაც რო გეიჩინოს ვინცხაა, კი ჩოვურტყი მის ცოლს... დარეჯანი ხო არ გინახავს? ვალი აქ  ჩემი და მემალებაა... უი, შალიკიას ბიჭს ბიჭი რო შეეძინა, იცი? ავთანდილი დოურქმევია, ბაბუას სახელი...

წინა სკამიდან ერთმა გადმოსძახა:

- ქალბატონო, შოთა რუსთაველს თუ ესაუბრები, ჩემგანაც გადაეცი მოკითხვა...

ისევ გავხედე შოთას. ის ისევ მოთმინებით იდგა, თუმცა ყველაფერს მშვენივრად ხედავდა. ისიც ხომ თქვა: „მელნად ვიხმარე გიშრის ტბაო..." მე კი ამ ყველაფრის დასწერად, შავი თვალები...


შემებრალასავით „მაკდონალდსის" მეზობელი... არადა, ამ თბილისელემა ბაიკერებმა არც იციან (საიდან ეცოდინებათ), რომ ოდესღაც, ჩემს სტუდენტობაში, იქვე ერთი ლამაზი საათი იყო აღმართული და თბილისელი ბიჭები სწორედ იმ საათთან უნიშნავდნენ  გოგოებს  პაემანს. ხომ  ვთქვი, ყველაფრის  მნახველია- მეთქი, შოთა?!



მაია კახიძე


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner