შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ორი პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი მოკლულის შვილია. უწყების ინფორმაციით, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას - 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.