logo_geo
eng_logo
ჯოან როულინგმა Twitter-ზე სალმან რუშდიზე თავდასხმის შესახებ დაწერა, რის შემდეგაც დაემუქრნენ. პოლიციამ გამოძიება დაიწყო
- +

15 აგვისტო. 2022. 00:30

 

 

„ჰარი პოტერის“ ავტორმა, ჯოან როულინგმა Twitter-ზე მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო, რის გამოც შოტლანდიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ Reuters წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 12 აგვისტოს როულინგი Twitter-ზე ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმას გამოეხმაურა და დაწერა: „ახლა ძალიან ცუდად ვარ. დაე ის კარგად იყოს“. კომენტარებში კი მომხმარებელმა MeerAsifAziz1, რომელიც თავს საზოგადოებრივ მოღვაწეს უწოდებს, დაწერა: „ნუ ღელავ, შენ შემდეგი ხარ“.

 

მოგვიანებით როულინგმა თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პოლიცია საქმეზე უკვე მუშაობს.

 

2021 წლის ნოემბერში როულინგმა განაცხადა, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ, მას შემდეგ რაც ტრანსგენდერების უფლებათა დამცველებმა Twitter-ზე მისი სახლის მისამართი გაასაჯაროვეს.

 

ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში დაესხნენ თავს. სცენაზე, სადაც სალმან რუშდი ლექციას კითხულობდა, შევარდა კაცი და მწერალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ექიმების ინფორმაციით, რუშდი დაჭრილია ღვიძლში, მას დაზიანებული აქვს ნერვები ხელსა და თვალში. შესაძლოა მწერალმა ტრავმირებული თვალი დაკარგოს.

 

ნიუ-იორკის შტატის პოლიციის ინფორმაციით, რუშდის ნიუ-ჯერსის ქალაქ ფეირვიუს 24 წლის მკვიდრი ჰადი მატარი დაესხა თავს. ის დაკავებულია, თუმცა ბრალს არ აღიარებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner