„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშივლმა, პარტიის ხობის რაიონის ახალი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ ირაკლი ბერაია არცერთი ხობელის პრობლემას ყურადღების გარეშე არ დატოვებს.
„ირაკლი ძალიან საინტერესო ახალგაზრდაა. გახლავთ ეკონომისტი და ფინანსისტი. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კომერციულ საბანკო სექტორში. მან ბანკ „ქართუში" რიგითი თანამშრომლის პოზიციიდან დაიწყო და დღეს ცენტრალური ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი გახლავთ. უნდა ვთქვა, რომ ირაკლი ძალიან გამოკვეთილი ლიდერია ბანკ „ქართუში".
დარწმუნებული ვარ, ეს თვისებები, რომელიც მას გააჩნია, აუცილებლად გამოსადეგი იქნება ხობის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პოზიციიდანაც, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, იგი არცერთი ხობელის პრობლემას ყურადღების გარეშე არ დატოვებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და მაჟორიტარობის კანდიდატს არჩევნებში წარმატებები უსურვა.
რაც შეეხება გოდერძი ბუკიას, რომელმაც ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობაზე უარი თქვა, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, თავად ბუკიას არ სურდა, საუბარი ყოფილიყო იმაზე, რომ უმრავლესობის დეპუტატი საპარტნიორო ფონდის რესურსებს იყენებს.
„გოდერძი ბუკიას აქვს ძალიან საინტერესო გეგმები, რამდენიმე საინვესტიციო პროექტის მიმართულებით და აქედან რამდენიმე პროექტი იხილება, მათ შორის საპარტნიორო ფონდში.
ამიტომ, რომ არ მოჰყვეს ამას საუბარი, რომ დავუშვათ უმრავლესობის დეპუტატი იყენებს საპარტნიორო ფონდის რესურსებს, გადაწყვეტილება მიიღო თვითონ გოდერძი ბუკიამ - თავი შეიკავოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობისგან. ბატონი გოდერძი რჩება ჩვენი გუნდის აქტიურ მხარდამჭერად და „ქართული ოცნების" წევრად და რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან ის საინტერესო პროექტები, რომლებიც მას გააჩნია, მათ შორის ხობის რაიონშიც იქნება მხარდაჭერილი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.