ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ტემპერატურამ უნდა დაიკლოს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელი ხალხი მორიგ გაიძვერობას არ მოითმენს.
„ქვეყანა ძალიან სახიფათო მდგომარეობაშია. უზარმაზარი აღშფოთებაა, როგორიც აქამდე არასდროს მინახავს. ამის მიზეზი ის გაიძვერობაა, რასაც აქამდე ადგილი ჰქონდა. თაღლითობისა და კუდიანებზე ნადირობის წლები“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„თუ რამე შეგვიძლია გავაკეთოთ დასახმარებლად, მე და ჩემი გუნდი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამისთვის. არასდროს მომხდარა მსგავსი რამ, რომ სამართალდამცველები ყოფილი პრეზიდენტის სახლში შეჭრისთვის გამოეყენებინათ. ქვეყანაში უზარმაზარი აღშფოთებაა - ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქვეყანას დავეხმარო“, - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
„ხალხი ძალიან გაბრაზებულია იმის გამო, რაც ხდება. ქვეყანაში ტემპერატურამ უნდა დაიკლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საშინელი რამ მოხდება. ხალხი მორიგ გაიძვერობას არ მოითმენს“, - დასძინა მან.