ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, გაზის მოცულობის გაზრდის პრობლემა გადაჭრილია და საქართველოს დეფიციტი აღარ შეექმნება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ბუნებრივ აირს ერთი მომწოდებლისგან არ იღებს.
„მოლაპარაკებებს არამარტო „სოკართან" და „გაზპრომთან" ვაწარმოებდით. ასევე იყო მოლაპარაკება ირანთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ბუნებრივ აირს იღებს არა მხოლოდ ერთი მომწოდებლისგან. ასევე, სამომავლოდ, შესაძლებელია, მივიღოთ ირანული გაზი", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა „რუსთავი 2"- ის გადაცემა „არჩევანის" პირდაპირ ეთერში.
„არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ იყო ტექნიკური პრობლემა ბუნებრივი აირის მოწოდების. ე.წ. ყაზახის მილსადენი გარკვეულ რაოდენობაზე მეტს ვერ ატარებს. ეს პრობლემა დღესაც არის, თუმცა დავიწყეთ ერთობლივად მუშაობა შაჰ-დენიზიდან დამატებითი მოცულობების მიღების შესაძლებლობაზე. გვქონდა არაერთი შეხვედრა კონსორციუმთან და დაახლოებით, 500 მილიონამდე კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გატარების შესაძლებლობა იქნება. ფაქტობრივად, აბსოლუტურად გვეხსნება ის პრობლემა, რაზეც იყო საუბარი", - განაცხადა კალაძემ.