„სერბეთმა თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარი თქვა და გადაწყვიტა, რომ NATO-სთან თანამშრომლობა გააფართოოს“, - ამის შესახებ რუსული მედია თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროებმა რუსულ გამოცემას განუცხადეს, რომ სერბეთმა რუსული სამხედრო ბაზის ქვეყანაში განთავსების იდეაზე უარი თქვა და NATO-სთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.
გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირას სერბეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ბოცან-ხარჩენკომ რუსული სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ განცხადება გააკეთა.
„სერბეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნა ამ ქვეყნის სუვერენული საქმეა, პლუს ეს თავად რუსეთის ინტერესების საკითხია“, - აცხადებდა დიპლომატი.
მიუხედავად ამისა, ახლახან სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს არავის სამხედრო ბაზა არ სჭირდება.
„სერბეთი შეინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს და მოკავშირეებთან ურთიერთობებს. სერბეთი საკუთარ თავზე თავად იზრუნებს“, - განაცხადა სერბეთის ლიდერმა.