logo_geo
eng_logo
აშშ-მა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
- +

17 აგვისტო. 2022. 01:52

 

 

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების გლობალური დარტყმების სარდლობის განცხადებით, 16 აგვისტოს განხორციელდა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის, Minuteman III-ის წარმატებით გამოცდა, რათა მოეხდინა აშშ-ის ბირთვული ძალების მზადყოფნისა და ქვეყნის ბირთვული შეკავების ეფექტურობის, ლეტალობის დემონსტრირება.

 

განცხადების მიხედვით, რაკეტის გაშვება ადგილობრივი დროით 12:49 საათზე მოხდა. რაკეტამ 4 200 მილი იფრინა და მარშალის კუნძულებზე განთავსებულ Kwajalen Atoll-ის პოლიგონზე დაეშვა. რაკეტის გაშვება ქობინის გარეშე განხორციელდა.

 

სარდლობის განცხადებით, ბირთვული ტრიადა, რომელშიც გაერთიანებულია სტრატეგიული ავიაცია, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები და ბირთვული წყალქვეშა ნავები, არის აშშ-ისა და მთელ მსოფლიოში მისი მოკავშირეების უსაფრთხოების ქვაკუთხედი.

 

„ეს დაგეგმილი სატესტო გაშვება ახდენს იმის დემონსტრირებას, როგორ ახდენენ ჩვენი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები ჩვენი მზადყოფნისა და საიმედოობის ილუსტრაციას“, – განაცხადა 576-ე საფრენოსნო-საგამოცდო ესკადრილიის პოლკოვნიკმა კრის კრუზმა.

 

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების გლობალური დარტყმების სარდლობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული გამოცდა წარმოადგენს აშშ-ის მზადყოფნის დემონსტრირებას და არ უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.

 

„ეს სატესტო გაშვება არის რუტინული და პერიოდული აქტივობების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს იმის დემონსტრირებას, რომ შეერთებული შტატების ბირთვული შეკავების საშუალებები არის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტური 21-ე საუკუნის საფრთხეების შესაჩერებლად და ჩვენი მოკავშირეების დასარწმუნებლად. მსგავსი გამოცდები აქამდე 300-ზე მეტჯერ ჩატარებულა. აღნიშნული გამოცდა არ არის დაკავშირებული მსოფლიოს მიმდინარე მოვლენებთან“, – ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.

 

აღსანიშნავია, რომ მანამდე საკონტინენტთაშორისო რაკეტების გამოცდები რუსეთსა და ჩინეთშიც განახორციელეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner