"ოთარ შამუგია შავი ზღვის გონიო-ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯების აღებისა და აღებულ მასალაზე კვლევების ჩატარების პროცესს დაესწრო," - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა, შავი ზღვის გონიო-ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯები აიღეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კატარღებით ზღვაში შევიდნენ და აღებულ მასალებზე კვლევების ჩატარების პროცესს დაესწრნენ.
„გარემოს დაცვის ჩვენი პოლიტიკა არაერთ მიმართულებას გულისხმობს. ამ მიმართულებათა შორისაა წყლის ხარისხის კვლევები, რომლებიც ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მეთოდოლოგიების გათვალისწინებით ხორციელდება და ჩვენ ამის ტექნიკური შესაძლებლობა უკვე გვაქვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს, დარგის გამოცდილი სპეციალისტების მიერ ხორციელდება კვლევები წყლის ეკოლოგიის, ჰიდრობიოლოგიის, წყლის ბიომრავალფეროვნების, მეთევზეობის და აკვაკულტურის მიმართულებებით.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფრასტრუქტურის განახლების და გარემოსდაცვით სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გარემოსდაცვით სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზეც აისახება. ამ ვალდებულებათა შორისაა, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) პრინციპების დანერგვა, რომლის მთავარ მიზანს შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვა, ზღვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და საზღვაო ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება წარმოადგენს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შავ ზღვაზე აღებულ სინჯებში მნიშვნელოვანია წყლის სიღრმეში სხვადასხვა ხარისხობრივი პარამეტრის განსაზღვრა, რასაც სპეციალისტები ბოლო დროს შეძენილი თანამედროვე მულტიპარამეტრული ზონდის დახმარებით ახორციელებენ. აღნიშნული ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის მონაცემების მიღება და 100 მეტრის სიღრმეში წყლის ისეთი ფიზიკო-ქიმიური პარამეტრების განისაზღვრა, როგორიცაა ტემპერატურა, მარილიანობა, pH, ხსნადი ჟანგბადი, ქლოროფილი, გამჭვირვალობა და სხვა.
მიღებული შედეგები საშუალებას იძლევა სპეციალისტებს ჰქონდეს უფრო ზუსტი ინფორმაცია ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის და ზღვის ბინადრების საარსებო გარემოს შესახებ, რის საფუძველზე შესაძლებელია ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ზღვის გარემოში მიმდინარე ეკოლოგიური ცვლილებების დროული გამოვლენა, შეფასება და ცვლილებების პროგნოზირება.