logo_geo
eng_logo
პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- +

17 აგვისტო. 2022. 19:16

 

 

საქართველოს პროკურატურამ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე,  ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს,   ბრალდებული ლ.ნ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით  დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის  მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

 

დაზარალებულის მომართვის საფუძველზე, სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს  დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და  11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8  წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

 

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner