logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეულის გამართვის ინიციატივით გამოდის
- +

17 აგვისტო. 2022. 20:54

 

 

პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეული გამართვის ინიციატივით გამოდის, სადაც ყველას მონაცვლეობით ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი რეგიონი რომელიმე პროდუქციის გამოფენით, კონცერტებით, სახელოვნებო გამოფენებით, თუ რაიმე თემაზე საუბრებით. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ეს ინიციატივა პრეზიდენტმა სამეგრელოში ქალ ბიზნესმენებს, ახალგაზრდებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში გამართულ შეხვედრაზე გააცნო. პრეზიდენტი ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბი დაათვალიერა და ტექნოპარკის შესაძლებლობებს გაეცნო, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ინოვაციური და სტარტაპ-იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნესს ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები გამოიყენონ.

 

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია რეგიონების განვითარება. თქვენ რეალურ ძალასა და იმედს წარმოადგენთ. ჩვენ ახლა ევროკავშირში ინტეგრაციის ბოლო ეტაპისთვის ვემზადებით და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართულობა და მონაწილეობა. ჩვენ წინაშე არსებულ ბევრ რეკომენდაციაში რეგიონების როლი საკმაოდ გამოკვეთილია - თვითმმართველობა, თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობა და ამ ყველაფრისთვის თქვენ ხართ საჭირო.

 

ძალიან დიდია მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მათი პასუხისმგებლობა, საზოგადოების გარეშე არაფერი კეთდება, ეს არის დემოკრატიის პირველი და მთავარი პრინციპი. ამიტომ, თქვენც ატარებთ თქვენს წილ პასუხისმგებლობას და თქვენი ინიციატივების გარეშე, ბევრი რამ ვერ გაკეთდება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტს ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების შესახებ საკუთარი ხედვები გაუზიარეს.

 

მარი ბენდელიანმა, რომელიც პანდემიის დროს თბილისიდან ზუგდიდში გადავიდა და ნარჩენების მართვის სოციალური საწარმო შექმნა აცხადებს, რომ პრეზიდენტთან ასეთი პირისპირ შეხვედრები მნიშვნელოვანი და საჭიროა, რათა გაჟღერდეს რეგიონში მცხოვრები ადამიანების, მეწარმეების, ქალების, ახალგაზრდების ხმა და მივიდეს იქ, სადაც საჭიროა და სადაც გადაწყვეტილებების მიიღება.

 

„გვსურს, რომ რომელიმე ძველი ქარხნის შენობაში შევქმნათ დიდი სივრცე, რამდენიმე სახელოსნოთი, რომელიც იზრუნებს ქსოვილის ნარჩენების აღდგენაზე, ელექტრომოწყობილობებისა და ძველი ავეჯის აღდგენაზე. ასევე, გვექნება საერთო სამუშაო სივრცე, რაც ზუგდიდში ძალიან ცოტაა. გვინდა, რომ გვქონდეს ნულოვანი ნარჩენის მაღაზიაც. მთელი შენობის კონცეფცია იქნება ნარჩენების მართვასა და გარემოს დაცვა “, - განაცხადა ბენდელიანმა.

 

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დამაარსებლის სალომე ადამიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია რეგიონის ახალგაზრდებთან, ქალებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტი ამკვიდრებს ამ პრაქტიკას და ამ ფორმატში უშუალოდ ცდილობს გაარკვიოს დღის წესრიგის ის საკითხები, რაც დგას რეგიონის მოსახლეობის წინაშე და გამართოს ამ ტიპის დიალოგი.

 

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს ღია და ძალიან საინტერესო საუბრისათვის. შეხვედრაზე დამსწრე მეწარმეების ნაწილმა პრეზიდენტს თავისი პროდუქციაც წარუდგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner