logo_geo
eng_logo
პროკურატურა 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას გაასაჩივრებს და პატიმრობას მოითხოვს
- +

18 აგვისტო. 2022. 11:09

 

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 5000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

დაზარალებულის ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, 14 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არ გამოიკვეთა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი და ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებული, ქორწინების მიზნით, ნებაყოფლობით წაიყვანა ნათესავის კუთვნილ სახლში და 14 აგვისტოს მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის კავშირი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ დააკმაყოფილა, რასაც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner