იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით შეიქმნა, პირველი შეხვედრა გამართა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად მოამზადოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.
„შეხვედრაზე წარმოვადგინეთ დოკუმენტი, რომელიც ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მიერ. ამ დოკუმენტში წარმოდგენილი იყო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის 18 რეკომენდაცია და ასევე, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს GRECO-ს 6 რეკომენდაცია, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია იყო, რომ ისინი ნაწილობრივ შესრულებას საჭიროებენ. დეტალური განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ რეკომენდაციათა საკმაოდ დიდი ნაწილი შესრულებულია და გამომდინარე იქედან, რომ GRECO-ს ბოლო შეფასება ქართული კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული აქვს 2018 წელს, შეიძლება მათ არ აქვთ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელს ვთხოვე, რომ იქნება პროაქტიულად მოხდეს მათი სამსახურიდან შესაბამისი დოკუმენტის გაგზავნა GRECO-ში, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები დღეის მდგომარეობით რამდენად შესრულებულია.
ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის 18 რეკომენდაცია. ეს რეკომენდაციები სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა. დღეს სიღრმისეულად არ შევსულვართ ამ რეკომენდაციების განხილვაში გამომდინარე იქედან, რომ შეხვედრის მონაწილეებმა ითხოვეს გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ მათ თავიანთი არგუმენტირებული პოზიციები წარმოადგინონ, თუმცა გვქონდა ზოგადი ხასიათის განხილვა. გამოიკვეთა, რომ რიგი საკითხები შესრულებულია, რიგი საკითხები საკმაოდ მარტივად შესასრულებელია და რიგ საკითხების დამატებითი განხილვა და პოზიციების შეთანხმება სჭირდება“,- აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, 25 აგვისტოს მეორე სამუშაო შეხვედრა შედგება, სადაც ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილი ყველა პოზიციის დეტალური განხილვა მოხდება, რის შემდეგაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობას დაიწყებს.
გივი მიქანაძის განცხადებით, 10-11 სექტემბრისთვის ცვლილებების პაკეტი უკვე მზად იქნება და სავარაუდოდ, 15 სექტემბრისთვის, სამუშაო ჯგუფი, პირველ მოსმენით განხილვამდე, დასკვნით შეხვედრას გამართავს.
სამუშაო ჯგუფში შედის: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან - „გირჩი“, მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“, ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში, ასევე, მონაწილეობენ: ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.