ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთაშორისო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებმა დღეს ბრიუსელში ორმხრივი მოლაპარაკებების დროს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ ვერ მიაღწიეს კომპრომისებს იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც განსახილველად იყო წამოჭრილი“, - განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, 31 ივლისს სერბეთსა და კოსოვოს შორის გამყოფ ხაზზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოს მთავრობის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებამ, რომელიც ეთნიკურ სერბებს კოსოვოს სანომრე ნიშნების აღებას ავალდებულებდა, შეტაკებები გამოიწვია.
ასობით ეთნიკურმა სერბმა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე გზა გადაკეტა და სატვირთო მანქანები, ტანკერები და სხვა ავტომობილები გააჩერა.
სიტუაციის განსამუხტად კოსოვოს მთავრობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ წესების მიღება 1 სექტემბრამდე გადადო.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში ცალმხრივად გამოაცხადა.