logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: 2022 წლის მეორე კვარტალში ადგილი ჰქონდა სამუშაო ძალის მახასიათებელი ინდიკატორების არსებით გაუმჯობესებას როგორც წინა წლის შესაბამის პერიოდთან, ისე 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით
- +

19 აგვისტო. 2022. 12:59

 

 

საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ადეკვატურად აისახება ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორში, როგორიცაა სამუშაო ძალა, ამ უკანასკნელის დასაქმების და უმუშევრობის დონეები და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, - ამის შესახებ Facebook-ზე ექსპერტი სოსო არჩვაძე წერს.

მისივე თქმით, 2022 წლის მეორე კვარტალში ადგილი ჰქონდა სამუშაო ძალის მახასიათებელი ინდიკატორების არსებით გაუმჯობესებას როგორც წინა წლის შესაბამის პერიოდთან, ისე 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.

„აღნიშნულმა ხარისხობრივმა გაუმჯობესებამ მისი სამი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორის მიხედვით შემდეგი პარამეტრები მიიღო (2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით):
ა) დასაქმების დონე 2.1 პუნქტით გაიზარდა და 42.2 პროცენტი შეადგინა (წინა წლის მორე კვარტალში იყო 40.1%). დასაქმებულთა რაოდენობამ იმავე პერიოდში 55.4 ათასით მოიმატა და 1269.9 ათასი კაცი შეადგინა (წინა წელს - 1214.5 ათასი კაცი). დასაქმებულთა 68.3 პროცენტი დაქირავებით დასაქმებულია (867.9 ათასი კაცი), ხოლო 31.7 პროცენტი - თვითდასაქმებული. ამასთან, დაქირავებით დასაქმებული პერსონალის დაახლოებთ 78 პროცენტი ბიზნეს-სექტორშია დასაქმებული.
ბ) უმუშევრობის დონე შემცირდა 4.0 პუნქტით და 18.1 პროცენტი შეადგინა. უმუშევართა რაოდენობა 281.6 ათასია, რაც 63.5 ათასით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (344.6 ათასი კაცი). ამასთან, უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ბოლო შვიდი კვარტალის მანძილზე (2020 წლის მესამე კვარტალის შემდეგ);
გ) დასაქმებულთა და უმუშევართა პროპორციები არსებითად გაუმჯობესდა პირველის სასარგებლოდ. – 2022 წლის მეორე კვარტალში ყოველ ათას დასაქმებულზე მოდიოდა 222 უმუშევარი, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ - 62-ით მეტი (284 უმუშევარი).
მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე დასაქმებულთა რიცხოვნობის საერთო მატების თითქმის 2/3 (65.3%) დაქირავებით დასაქმებულთა მატების ხარჯზე განხორციელდა.
2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ყოველ 100 შინამეურნეობაზე მოდიოდა 122 დასაქმებული, მათ შორის 83 დაქირავებით დასაქმებული (ერთ წლის წინ, შესაბამისად, 116 და 80).
უმუშევრობის დონე თითქმის ერთნაირად შემცირდა როგორც გენდერულ, ისე ტერიტორიულ ჭრილში. ამასთან, მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია მამაკაცებში ქალებთან შედარებით (შესაბამისად, 20.5% და 15.0%) და ქალაქად - სოფელთან შედარებით (20.2% და 15.1%).
მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის მატებისა და ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდის ხარჯზე საქართველოს შინამეურნეობებმა 2022 წლის მეორე კვარტალში, საშუალოდ თვეზე გადაანგარიშებით, მიიღეს 300 მლნ. ლარით მეტი შემოსავალი. აღნიშნული, დაახლოებით 18.0-პროცენტიანი ზრდა თითქმის 1.5-ჯერ აღემატება ინფლაციის საშუალო ტემპს, რაც ადასტურებს აღნიშნულ პერიოდში შინამეურნეობათა დაქირავებით დასაქმებიდან მიღებული რეალური შემოსავლების ზრდას დაახლოებით 4.9 პროცენტით.
მოტანილი ინფორმაცია ცალსახად ადასტურებს როგორც ეკონომიკის, დასაქმებისა და კეთილდღეობის ზრდის ურთიერთკავშირს, ისე ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ეკონომიკის ინკლუზიურობის ამაღლების პრაქტიკულ რეალიზაციას“, -წერს არჩვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner