თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც დავით ნარმანიას 25 აგვისტოს საკრებულოში ანგარიშით წარდგენას ეხებოდა, ჟურნალისტებთან საუბარში კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მერი საკრებულოში მაშინ მივა, როდესაც ამას საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები გადაწყვეტენ.
„თბილისის საკრებულო ყოველთვის მზად არის, ქალაქის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით მოაწყოს და გამართოს საქმიანი შეხვედრები. რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატების მოთხოვნას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ უნდა დაემსგავსოს ე.წ. პოლიტიკურ თემას. ჩვენ ვფიქრობთ, ვიდრე მერთან გაიმართება შეხვედრა, ჩვენ გვექნება საქმიანი შეხვედრა ქალაქის ეკოლოგიის სამსახურის უფროსთან, რათა მოვისმინოთ, თუ რა ეტაპზეა ძიება და როგორ უნდა განვითარდეს შემდეგ ქალაქის გამწვანების კანონი. ვფიქრობთ, ეს კანონი გასამკაცრებელია. ქალაქის მერია მუშაობს კიდევაც ამ თემაზე. უახლოეს ხანებში ეს კანონი იქნება შემუშავებული და საზოგადოებისათვის ცნობილი", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა, როდის გაიმართება ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსთან შეხვედრა და საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად, 25 აგვისტოს მივა თუ არა თბილისის მერი საკრებულოში.
„როდესაც ამას საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები გადაწყვეტენ, უახლოეს მომავალში, მერი მაშინ მოვა", - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთობლივად ხელი მოაწერეს განცხადებას, რითაც თბილისის მერს საკრებულოში 25 აგვისტოს რიგგარეშე ანგარიშით იწვევენ. ერთობლივ განცხადებას 13 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.