„კვიპროსი და საბერძნეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან“, - ამის შესახებ ინფორმაცია „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ბერლინში განაცხადეს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სანქციების დაწესება გამართლებულად არ მიაჩნიათ. ანალოგიური პოზიცია აქვთ კვიპროსში.
„ეს იქნება არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ადამიანებს შორის კონტაქტების გვჯერა და თურქეთის მოქალაქეებსაც კი აქვთ უფლება, მიიღონ კვიპროსის ვიზა“, - განაცხადა კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა, კორნელიოს კორნელიომ.
„პოლიტიკოს“ ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებამდე კვიპროსზე ჩასული ტურისტების 25%-ს რუსეთის მოქალაქეები შეადგენდნენ.
გამოცემის ცნობით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების წინააღმდეგია საბერძნეთის მთავრობაც.