შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა პირველი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობასთან გამართა. შეკრებილებმა როგორც აქამდე განხორციელებულ პროექტებზე, ისე არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს. რწმუნებულმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები და ერთობლივად გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს. ასევე, მიხეილ შაყულაშვილმა ადგილობრივებს საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო.
,,ადგილობრივების საჭიროებების მოგვარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩემი რწმუნებულის პოზიციაზე საქმიანობა მოსახლეობასთან შეხვედრებით დავიწყე. ადგილობრივებთან პირდაპირი კომუნიკაცია და პროცესებში მათი თანამონაწილეობა, არსებული პრობლემების დროული გადაჭრის საშუალებაა. დღეს სოფელ ქერეს მოსახლეობას შევხვდით. ქერე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელია და აქაურ მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. ადგილობრივებისგან პირადად მოვისმინე, თუ რა პროექტები განხორციელდა დღემდე სოფლისთვის და კიდევ რა საკითხებია მოსაგვარებელი. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები განვახორციელეთ, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, რასაც ერთობლივი მუშაობის შედეგად ეტაპობრივად მოვაგვარებთ. ასევე, მოვინახულეთ ქერეს ახლაშენებული საჯარო სკოლა. შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და მალე ადგილობრივი მოსწავლეები და პედაგოგები კომფორტულ სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. გარდა ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულების კეთილმოწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, ქვეყნის მასშტაბით 800 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა იგეგემება. აღნიშნული პროექტი შიდა ქართლის რეგიონშიც განხორციელდება“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
შიდა ქართლის რწმუნებულმა სოფელ ქერეში ახალდაშენებული სკოლაც დაათვალიერა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ბიუჯეტიც მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 90 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ასევე, მოეწყო ეზო და სპორტული მოედანი.