ჯანსაღი კვების კომპანია Avocado.ge ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასა და ვიდეოკადრებს, რომელთა თანახმადაც, კომპანია საკუთარ პროდუქციას შენობის გარეთ, ანტისანიტარიაში ამზადებს. Avocado.ge გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე საზოგადოებას მომხდარის შესახებ უამბობს.
კომპანიის განმარტებით, ინციდენტი უკავშირდება იმ შენობის მეპატრონეს, რომელიც Avocado.ge-ს იჯარით აქვს აღებული. მოიჯარეს სურს, რომ Avocado.ge-ს ნაცვლად, შენობაში შეუშვას სხვა მოიჯარე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და მეპატრონეს, ფართის სანაცვლოდ, უფრო მეტ თანხას სთავაზობს. კომპანიის განცხადებით, მათ წინააღმდეგ აგორებული დეზინფორმაციული კამპანია სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
მათივე თქმით, გავრცელებული კადრების გადაღების პროცესში Avocado.ge-ს, სარემონტო სამუშაოების გამო, დროებით შეჩერებული ჰქონდა მომსახურება, ხოლო ინვენტარი და საკვები პროდუქტები – რომელთა ჩამოწერა და განადგურება უნდა მომხდარიყო – გარეთ ჰქონდათ გამოტანილი.
„გვინდა, გუშინ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რათა გაიგოთ, თუ რა ხდება სინამდვილეში.
ამა წლის 16 აგვისტოს, კომპანია „ავოკადოს” ლოკაციიდან – (მის: მიხეილ ზანდუკელის 24. ფ/პ გ.ქ.-საგან 5-წლიანი იჯარით გვაქვს აღებული – ხელშეკრულების დადების პერიოდი – 03.11.2020-დან) აღნიშნულმა პიროვნებამ საკუთარი სოციალური გვერდიდან გაავრცელა სრული დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენი კომპანია ეზოში, ანტისანიტარიაში ამზადებს პროდუქციას.
ეს არის სიცრუე. „ავოკადო“ 3 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე და ათასობით ერთგული მომხმარებელი ჰყავს. ჩვენი მხრიდან მსგავსი რამ აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.
აღნიშნული პოსტის საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც, ჩვენდა სამწუხაროდ, არ არის ასახული სიმართლე და რეალური ფაქტები, ვინაიდან არც იმ ტერიტორიაზე ვიმყოფებით და არც ერთ ჩვენს წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი აღნიშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადგან ვაგროვებდით ფაქტებს, რომ თქვენთვის გაგვეზიარებინა.
იმის შემდეგ, რაც გავიგეთ, თუ ვინ გადაიღო ის კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ყველაფერი ნათელი გახდა ჩვენთვის.
ამ დრომდე გვქონდა იმედი, რომ აღნიშნული განცხადების გამოქვეყნება არ მოგვიწევდა და არსებული ვითარება მეიჯარესა და მოიჯარეს შორის ცივილურად დასრულდებოდა, თუმცა ვცდებოდით და დიდი ბოდიშის მოხდით, დაგვიანებით ვხდით ფარდას ამ ვითარებას, რისი დაჯერებაც დიდხანს თავად გვიჭირდა და ბოლომდე ვცდილობდით, არ გაგვეხმაურებინა ეს ამბავი, რადგან წლებია, ამ ადამიანთან ვთანამშრომლობთ.
ახლა კი, მოგიყვებით ყველაფერს დეტალურად: ფართის მეპატრონე, 15 აგვისტოდან დღემდე, თვითნებურად შეჭრილია ჩვენ მიერ დაქირავებულ ფართში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და შესაბამისად, ყველა ინვენტარი, საკვები პროდუქტები და ნივთები ეზოშია გამოტანილი.
ობიექტზე იმყოფებოდა რამდენიმე მორიგე, მათ ეკისრებოდათ, ეტაპობრივად მოეწესრიგებინათ ძველი ინვენტარი და პროდუქცია ჩამოეწერათ.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სიუჟეტში მოლაპარაკე პიროვნება არ არის ჩვენი თანამშრომელი.
პირიქით, ის დაცვის წევრია, რომელიც ობიექტს იცავს ჩვენგან, „ავოკადოს“ და „ზანდუკელის“ გუნდისგან იმისთვის, რომ დაპირებულ 20 რიცხვში შეუშვას სხვა მეიჯარე, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, არის რუსეთის მოქალაქე და უხდის უფრო მეტს, ვიდრე ჩვენ.
ფართში შეჭრის მიზანი იყო: ჩვენი იძულება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რადგან ბატონ გ.ქ.-ს გამოუჩნდა რუსი მეიჯარე, რომელიც აღნიშნულ ფართში 1500$-ით მეტს სთავაზობს.
არსებული საიჯარო ხელშეკრულება, ჩვენგან არაერთი თხოვნისა და მოთხოვნის მიუხედავად, ფართის მეპატრონის რიგი მიზეზების გამო, ამ დრომდე ვერ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
შესაბამისად, ის არ წარმოადგენს იურიდიულად სრულყოფილ დოკუმენტს. სწორედ ამიტომ, გ.ქ.- მ თამამად მისცა თავს უფლება, 15 აგვისტოდან შეჭრილიყო იჯარით გაცემულ ფართში და ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები აღარ შეეშვა.
ობიექტზე ჩვენი არყოფნის პერიოდში ფართის მესაკუთრემ გადაწყვიტა კომპანიის იმიჯის სრულად განადგურება და გადაიღო კადრები – გარეთ გამოტანილი ინვენტარის, საკვები პროდუქტების და ა.შ.
ასევე გამორთო კამერები, რადგან ობიექტზე შეჭრის კადრები არ ამოგვეღო.
მოგეხსენებათ, რომ პროდუქციის ჩამოწერას თავისი წესები აქვს და შესაბამისად, კონკრეტულ პერიოდში უნდა მომხდარიყო აღწერა, ჩამოწერა და განადგურებაც.
ბატონ გ.ქ.-ს მიერ გავრცელდა მასალა, თითქოს, კომპანია ამ ვითარებაში მუშაობს, მაშინ, როდესაც ობიექტზე დავიწყეთ სარემონტო სამუშაოები, პარალელურად მოხდა ისე, რომ კომპანიის 2 (მზარეულს) თანამშრომელს ჯანმრთელობის საეჭვო მდგომარეობა და კოვიდის სიმპტომები ჰქონდა, მომხმარებლებს კი, 14 აგვისტოდან ვაცნობეთ შეტყობინების სახით ეს ინფორმაცია.
რემონტის დაწყების დღიდან ყველას გავუგზავნეთ საბოდიშო წერილი მომსახურების დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით. ვეცადეთ, რომ მზარეულების დაბრუნებამდე სწრაფ რეჟიმში მოგვესწრო სამზარეულოს განახლება და შევუდექით სარემონტო სამუშაოს.
ამ ყველაფრის შესახებ გ.ქ.-ს ჰქონდა ინფორმაცია, რაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
რა შეგვიძლია ვთქვათ?! სამწუხარო რეალობაა, რაც ჩვენს თავს ჩვენივე ქვეყანაში ხდება.
დღეიდან ვიცით, რომ ჯანმრთელი კვების პოპულარიზაციის გარდა ჯანსაღ ადამიანებთან უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა.
დღეიდან მზად ვართ, ეტაპობრივად ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას! უახლოეს პერიოდში კი, ახალი ადგილმდებარეობიდან და ბევრი სასიამოვნო ცვლილებით დაგიბრუნდებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
https://www.youtube.com/watch?v=_osQyMJWKig