logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო
- +

23 აგვისტო. 2022. 21:29

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალები ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მეორე დღეა აქტიურად არის ჩართული. ცეცხლის ქრობის სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღესაც პირადად გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე კიდევ ერთხელ ჩავიდა და უშუალოდ მოინახულა ცეცხლის ქრობის პროცესი.

„ხედავთ, რა გაუსაძლის პირობებში მუშაობენ ჩვენი გმირი ბიჭები. ეს არის წარმოუდგენელი, ამ რელიეფზე დღე და ღამე გაათენო და შენს სამშობლოს ემსახურო ამით, რომ გადაარჩინო ჩვენი ბუნება“, - განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ჩაერთნენ. ამჟამად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა ახორციელებს. სამხედროები სპეციალური ტექნიკის - მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის დროულ ლოკალიზებას ცდილობენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდანწარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.

ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner