„მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ წინა სხდომაზე, ჩვენ, საზოგადოებას წარვუდგინეთ პროექტის შესახებ ინფორმაცია და დავაანონსეთ სამუშაოების დაწყება ჩვენს ქალაქში, რათა სრულად რეაბილიტირებული და განახლებული თეატრის წინ, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ სივრცეში, ევროპული ტიპის მოედანი მოეწყოს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს, სტუმრებს და მთავარ კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.
ახალი დაგეგმარება, დამატებითი გამწვანება, თანამედროვე განათება და რეკრეაციული სივრცეები დარწმუნებული ვარ, თეატრის წინ მდებარე მოედანს ოზურგეთში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ლოკაციად გადააქცევს. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება ჭადრების პარკიც. ახალი მოედნის ირგვლივ, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ კულტურული, ტურისტული და რეკრეაციული სერვისების და ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას პროექტის მხარდაჭერისთვის!“ - განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.