„ომისა და ღალატის პარტია კიდევ ერთხელ შეეცადა პროვოკაციის მოწყობას“, - ასე აფასებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე „ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას, რომ უკრაინის მოქალაქეებს ბათუმის მერიის კუთვნილ სცენაზე კონცერტის გამართვის შესაძლებლობა არ მიეცათ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება ქვეყანაში მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენლებს სასაცილოდაც არ ეყოთ, მაგრამ ეს ბათუმში ნათლად დადასტურდა.
„პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს მინდა მივულოცო ეროვნული დღესასწაული და აღვნიშნო, რომ დღეს უკრაინა მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისათვის. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს ამ ბრძოლაში.
რაც შეეხება ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, ომისა და ღალატის პარტია კიდევ ერთხელ შეეცადა პროვოკაციის მოწყობას. ფაქტია ისიც, რომ რამდენიმე ხნის წინ, ჩვენი პარტიის ლიდერმა - ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა იმ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რომლებიც იგეგმებოდა ქვეყანაში და მათ შორის აჭარაში. მისი ეს განცხადება, მაშინ, სასაცილოდაც არ ეყოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს ნათლად დადასტურდა ბათუმში, როცა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მოტივით ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას.
საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მხარს უჭერს ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მჯერა, ჩვენი საზოგადოება არ აჰყვება არანაირ პროვოკაციას“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.