logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: სახანძრო თვითმფრინავებით დახმარებისთვის, მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს - თურქულ მხარეს, ასევე, აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს - ვინც ტექნიკით დახმარება შემოგვთავაზა
- +

24 აგვისტო. 2022. 22:00

 

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან საბრძოლველად შექმნილ ოპერატიულ შტაბში შეხვედრის შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავების ჩართვის შედეგებზე ისაუბრა.

"დღეს ნახეთ, რომ სასაზღვრო ავიაციასთან ერთად 3 თვითმფრინავი ჩაერთო სამუშაოებში და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს -თურქულ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარება და მნიშვნელოვნად შეეტყო ხანძრის ქრობის სამუშაოებს.

დღეს ქარი იყო და უჭირდათ ვერტმფრენებს. დილით იმუშავეს რამდენიმე საათი, თუმცა ქარში ვეღარ მუშაობდნენ და აქედან გამომდინარე, ავიაციამ იმუშავა მაქსიმალურად მაღალ დონეზე და შედეგიც სახეზეა, შედარებით დაიკლო ცეცხლის კერებმა და გაფართოების არეალმა.

მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი მეგობრების - აზერბაიჯანული მხარის შემოთავაზებას, მსურს მათ მადლობა ვუთხრა. მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, სომხურ მხარესაც, მათ შემოგვთავაზეს ტექნიკით დახმარება, თუმცა, ტექნიკა ჩვენც გვყავს მობილიზებული, მაგრამ ხედავთ, რომ ვერ ვამუშავებთ დიდი რაოდენობით, ფიზიკურად ისეთი რელიეფია.

მსურს ხაზი გავუსვა - ევროპაშიც არის ხანძრები, ასევე სხვადასხვა ქვეყნაში და ყველას თავის გაჭირვება აქვს. სახანძრო თვითმფრინავი - ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება და ყველა სახელმწიფოს არ ჰყავს, აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში არ ველოდებით, რომ სხვა ქვეყნიდანაც ჩამოვა თვითმფრინავი," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.

ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner