სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. შეხვედრაზე საელჩოსთან ერთად რეგიონში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის, ადრეული გამოვლენის და მსხვერპლთა მხარდაჭერის პროექტი ხორციელდება. გარდა ამისა ნიდერლანდების საელჩო რეგიონში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს.
„დღეს ნიდერლანდების ელჩს ვუმასპინძლეთ, ის ჩვენს რეგიონში პირველადაა. საელჩოსთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთში სხვადასხვა პროექტები ხორციელდება, ძირითადად ქალთა უფლებების დაცვის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ ამ პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის სფეროებზე, რეგიონში ინვესტიციების მოზიდვაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით ნიდერლანდების სამეფო ბოლო წლების განმავლობაში ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს“, - განაცხადა ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.
თავის მხრივ ელჩმა რეგიონში მისი პირველი ვიზიტი შეაფასა: „მოხარული ვარ რომ დღეს ვიმყოფები სამეგრელო ზემო სვანეთში, ეს არის ჩვენი პირველი ვიზიტი. ჩვენ შევხვდით ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, დავსახეთ ერთობლივად განსახორციელებელი საქმიანობები. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია გენდერი, ქალთა უფლებები, ადამიანის უფლებები, ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა. ნიდერლანდების გამოცდილება კარგად არის გამოყენებული სამეგრელო-ზემო სვანეთში და ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ ფერმერებთან“ - ელჩი რეგიონში მეორე დღეა იმყოფება ის გუშინ, 24 აგვისტოს ასოციაცია „მერკურის“ პროექტის „ქალთა და გოგონათა მდგომარეობის გაუმჯობესება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ გაიხსნის ცერემონიას დაესწრო. პროექტი სწორედ ნიდერლანდების საელჩო აფინანსებს.
ელჩთან შეხვედრაზე ურთიერთანამშრომლობის თემებზე ისაუბრა ზუგდიდის მერმა და ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს მხარის გუბერნატორთან ერთად შევხვდით ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, მადლობა გადავუხადეთ მას საქართველოს მიმართ მხარდაჭერისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ, ასევე გავაცანით როგორც რეგიონის, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტები. გამოვკვეთეთ გარკვეული სფეროები, როგორც ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებით, სადაც შეიძლება თანამშრომლობა და დავსახეთ სამომავლო გეგმები. დარწმუნებული ვართ, დღევანდელი ვიზიტი და შეხვედრა იქნება ნაყოფიერი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“, - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.