logo_geo
eng_logo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-ის საელჩოში
- +

25 აგვისტო. 2022. 16:04

 

 

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიწვევით, აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან, ქალბატონ ემა შტრაუსთან მორიგი საქმიანი შეხვედრა გამართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

 

საქმიანმა შეხვედრამ, რომელიც უაღრესად გულთბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა, დაგეგმილ დროზე მეტხანს გასტანა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტს მსოფლიო საპატრიარქოში და იმ ერთობლივ სამომავლო გეგმებს, რაც მისი ყოვლადუწმიდესობის, ბართოლომეოს I-ს ლოცვა-კურთხევით დაიგეგმა. ბატონმა ზურაბმა აშშ-ს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს გააცნო მსოფლიო პატრიარქის უაღრესად მნიშვნელოვანი დამოკიდებულება საქართველოს, აფხაზეთში კონფლიქტისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სადმი.

 

აშშ-ს დიპლომატიურ მისიაში დიდი კმაყოფილებით შეხვდნენ ჰალკის უმაღლეს სასულიერო სასწავლებელსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დაგეგმილ ერთობლივ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჩართულობით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა და სტუდენტთა დაშვებას ჰალკის აკადემიის უნიკალურ წიგნთსაცავში, რომელშიც 800 000 ხელნაწერი (მათ შორის, ქართულიც) და 200 000 წიგნი ინახება. ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა, ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა უმაღლეს სასწავლებელთაგან, მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცა. პირველი ექსპედიციაც უკვე ამა წლის შემოდგომაზე შედგება.

 

საელჩოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს მათი სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოსადმი. მათ კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბატონ მიხეილ ჩხენკელისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას საქმიანობების მიმართ.

 

ამა წლის ოქტომბერში, ფლეტჩერის სკოლის მიწვევით, ტაფტის უნივერსიტეტში შედგება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი, რომელიც ამერიკელი აკადემიური წრეების წინაშე საჯარო ლექციებით წარსდგება და, ამასთანავე, გაიმართება მისი ახალი მონოგრაფიის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ ამ ნაშრომმა უკვე მაღალი შეფასება მიიღო ფლეტჩერის სკოლის მეცნიერებისაგან: ასეთი იდეები რამდენიმე საუკუნეში ერთხელ იბადება!

 

შეხვედრაზე ითქვა, რომ აშშ-ის საელჩო ყოველნაირად მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან ვიზიტს. ამერიკელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს ბატონი ზურაბის ახალ მონოგრაფიას „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ და საუნივერსიტეტო დიპლომატიის ინოვაციურ იდეას საერთაშორისო ურთიერთობებში. მათ ხაზგასმით შენიშნეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამორჩეული როლი ქართულ უნივერსიტეტებს შორის და მისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რამაც განაპირობა სსუ-ს ახალი მისია და ფუნქცია, თანხვედრილი თანამედროვეობის მოთხოვნებთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner