logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ეგებ სხვა მეგობრებიც გაგეჩინათ, ქალბატონო დეგნან!
- +

25 აგვისტო. 2022. 16:52

 

 

ბოლო განცხადებამ კიდევ უფრო დამარწმუნა იმ ვარაუდში, რომ ქალბატონი დეგნანი ზედმეტად ღელავს, ცქმუტავს, ადგილს ვერ პოულობს.

 

როგორც ერთი ძველი და ცნობილი მაქსიმა გვარწმუნებს, „არ არის ეს სამეფო საქმე“, ანუ, არ შეეფერება ზესახელმწიფოს წარმომადგენელს ასეთი ცუნდრუკი. მით უმეტეს მანდილოსანს, სიმპათიურს, გრძელთმიანს, მოქნილს…

 

არ ვიცი, რა სამეგობრო წრე ჰყავს მას ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ არ იქნებოდა ურიგო, სხვა მეგობრებიც გაეჩინა, მაგალითად, მეცნიერებათა აკადემიაში, დედაუნივერსიტეტში, ლეგენდარულ რუსთაველის თეატრში, კინომოღვაწეებში, მხატვრებში, მწერლებში… მაინცდამაინც თინეიჯერული ასაკიდან ახლად გამოსული ქალიშვილებისა და ჭაბუკების გარდა, ეგებ გაიცნოს რობერტ სტურუა, ელდარ შენგელაია, თემურ გოცაძე, ავთანდილ ვარსიმაშვილი, ლადო ათანელი, ელისო ბოლქვაძე, გია ჯაფარიძე, ვალერი ასათიანი, ნონა გაფრინდაშვილი და სხვა ჭეშმარიტი ინტელიგენტები, მოღვაწეები,  საქართველოს დასავლური ორიენტაციის უერთგულესი მეკვლეები და დამცველები.

 

მათთან შეხვედრები, მუდმივი ურთიერთობები, მათი საჯაროდ არაერთგზის განცხადებული პოზიცია, დაგარწმუნებენ, ძვირფასო ქალბატონო, იმაში, რომ არაფერი ემუქრება საქართველოს დასავლურ ორიენტაციას, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერას ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრულ პოლიტიკურ კურსის, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების ურყევი სურვილისადმი. ასევე, მადლიერებას და ერთგულებას აშშ-სა და დიდი ამერიკელი ხალხისადმი.

 

გადაჭარბებული „მზრუნველობით“ მართლა ძალიან რომ მოინდომოთ (უფრო მეტად, ვიდრე ახლა აკეთებთ ამას) დახმარება და ხელშეწყობა „სწორ გზაზე” ჩვენ დაყენებაში, მაინც ვერ გადაახვევინებთ ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას არჩეული გზიდან. ანუ, ვერცერთი ჩვენი „დაუძინებელი მეგობარი“ მაინც ვერ მოსცხებს ლაქას და ვერ მიაყენებს ზიანს აშშ-საქართველოს გულწრფელ ურთიერთობას, რომელსაც საძირკველი ჩაუყარეს გამოცდილმა და ბრძენმა ადამიანებმა მაშინ, როცა თქვენ და თქვენნაირი ანგელოზი გოგო-ბიჭები მოკლე შორტებში დატანტალებდით სკოლებში…

 

და თუ საჭირო გახდება, შევძლებთ, ხმა (და მართალი, ობიექტური და რეალური ინფორმაცია) მივაწვდინოთ ამ პროცესის მონაწილე, ჯერ კიდევ  ჯანზე და აზრზე მყოფ, ერთობ პატივსაცემ ადამიანებს.

 

ღმერთო, დაიფარე ამერიკა და საქართველო ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი რანგის ბრიყვისგან!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner