logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: სკანდალური გადატრიალება თამაზ მეჭიაურის პარტიაში!!!
- +

22 აგვისტო. 2016. 16:35



თამაზ მეჭიაურის პარტიაში („ერთიანი საქართველოსთვის") სკანდალური გადატრიალებაა - ერთდროულად ორი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე და ლალი მოროშკინა გაუშვეს, მათთან ერთად წავიდა ლევან ჩაჩუაც.

 

დარჩენილ მცირე დროში დაიწყო სრულიად ახალი კონფიგურაციის ჩამოყალიბება, ანუ ახალი ბლოკის შექმნა: თამაზ მეჭიაური-გოგი თოფაძე-ზვიად ჩიტიშვილი. ბლოკში რჩებიან „ქალთა პარტია", „სახალხო ხელისუფლება" და „ქართულმა იდეა". რა მოხდა, რატომ დაემშვიდობა მეჭიაური ვადაზე ადრე სანდრო ბრეგაძეს და ლალი მოროშკინას?


როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს „ალიასთან" საუბარში, საქმე მას შემდეგ გართულდა, რაც ბრეგაძემ ბლოკის დასახელებიდან „მეჭიაურის" ამოღება მოინდომა და ცოტა ხნით ადრე გოგი თოფაძესთან მოლაპარაკებები ჩაშალა. რასაკვირველია, ამაში არის სიმართლე, მაგრამ სახელის ამოღებასაც და თოფაძესთან დაპირისპირებასაც უნდა ჰქონოდა წინაპირობები. მოდით, ვთქვათ პირდაპირ, პოლიტიკაში ვერაფერს გააკეთებ, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამ, თუ არ გაქვს ფული. იმავე წყაროს თქმით, როდესაც საგარეჯოში, ერთ-ერთ ოჯახში პირველად ეს „სასტავი" შეიკრიბა და გადაწყდა, ერთად გამოსულიყვნენ საპარლამენტო არჩევნებში, მაშინვე დადგა დაფინანსების საკითხი. შეხვედრას ესწრებოდნენ: სანდრო ბრეგაძე, ლალი მოროშკინა, სოსო მანჯავიძე, შალვა ხაჭაპურიძე, ალექსი ახვლედიანი (2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი) და სხვები. მაშინ, რატომღაც, ყველას ეგონა, რომ ამ „სასტავს" თამაზ მეჭიაურის კურსელი, ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებდა და საარჩევნო სიაც მასთან იქნებოდა შეთანხმებული. თუმცა ფულის ხსენებამ მეჭიაური, ცოტა არ იყოს, გააღიზიანა, ჯერ არაფერი გაგიკეთებიათ, არაფერი შემოგითავაზებიათ, რა თანხებზე ლაპარაკობთო? სუფრასთან უხერხული მდუმარება ჩამოწვა, სიმართლე პირდაპირ ითქვა და ვინც ფული ახსენა, მეჭიაურმა ეგრევე ჩახსნა „სასტავიდან", მაგრამ გავიდა რამდენიმე დღე და ყველაფერი ისევ დალაგდა. შემდგომში სხვადასხვა გარემოებათა გამო აღარ გამოჩენილან არც შალვა ხაჭაპურიძე, არც სოსო მანჯავიძე და არც ალექსი ახვლედიანი. ვფიქრობ, ისინი ითხოვდნენ მყარ გარანტიებს და როცა ვერ მიიღეს, კულისებში გადაინაცვლეს.


გავიდა დრო, დაახლოებით ერთი თვე, თამაზ მეჭიაურმა დაასახელა ახალშექმნილი პარტიის („ერთიანი საქართველოსთვის") საინიციატივო ჯგუფი და პირველი ხუთეული: სანდრო ბრეგაძე, დავით ფაცაცია, ჯემალ სეფიაშვილი, ია მეტრეველი და ლალი მოროშკინა. მათ წინაშე დადგა ორი სახის ამოცანა: სასწრაფოდ უნდა მოგროვებულიყო ხელმოწერები, რათა პარტია დარეგისტრირებულიყო ცესკო-ში; მეორე - აუცილებლად უნდა მოეძიებინათ თანხები, ანუ გაერკვიათ, საიდან და როგორ დაფინანსდებოდა მათი საარჩევნო კამპანია, ფულს გაიღებდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიმე მასთან დაახლოებული ბიზნესმენი თუ გამოჩნდებოდნენ მოყვარული დამფინანსებლები? აქ ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: რატომ უნდა ამოეღო საკუთარი ჯიბიდან ბიძინა ივანიშვილს, სულ მცირე, 5-6 მილიონი დოლარი, რა ვალდებული იყო? ჯერ ერთი, გარკვეულ წრეებში ფიქრობდნენ, რომ მეჭიაურთან მეგობრობას ბევრი რამ უნდა გადაეწონა და მეორეც - ეს იყო თავად ივანიშვილის პროექტი, რათა პარლამენტში შეეყვანა „რესპუბლიკელებთან", „ნაციონალებთან" და ე.წ. ლიბერალებთან დაპირისპირებული ძალა, რომელიც მომხრეა რუსეთთან მოლაპარაკებებისა და პარალელურად უარყოფს NATO-ს, ანუ ამერიკის გავლენას საქართველოში.


მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გავიდა საკმაო დრო და აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი არაფერს აკეთებს - წარმოდგენები, იმედები და „ჩერეზ" დაპირებები მხოლოდ საპნის ბუშტი აღმოჩნდა. ბუნებრივია, დადგა საკითხი, თუ ბიძინა არა, მაშინ ვინ, როგორ და რანაირად? ფულია საჭირო, ფულიიი! ცოტა ხანში იწყება მოძრაობები, მეჭიაურის გარემოცვაში გადაადგილებები, ვიღაცებთან მოლაპარაკებები, იქმნება ბლოკი, სადაც ჩნდება ლევან მამალაძის პარტია. როგორც თამაზ მეჭიაური ამბობს „ალიასთან" საუბარში, მას არაფერი აქვს საერთო ლევან მამალაძესთან და არც მოლაპარაკებები გაუმართავს, ამ პარტიის შემოერთების იდეა სანდრო ბრეგაძეს ეკუთვნის და ამ ყველაფერს აკეთებდა მის ზურგს უკან. როდესაც მეჭიაურმა ბლოკის შესახებ განაცხადა, მე მაშინვე დავურეკე სანდრო ბრეგაძეს და ვკითხე, რაში სჭირდებოდა მამალაძის პარტიის წინა პლანზე წამოწევა? მან მიპასუხა, რომ აქ მამალაძე არაფერ შუაში იყო, ის აღარც პარტიის ლიდერია და აღარც წევრი, ცოტა ხანში თავად იქნებოდა თავმჯდომარე. არადა, ამ პარტიას ჰყავს თავმჯდომარე - ზურაბ კობიაშვილი.


ინკოგნიტო წყაროს თქმით, სანდრო ბრეგაძემ გადაწყვიტა, პარტია „აეხია" როგორც კობიაშვილისთვის, ასევე მამალაძისთვის. რა თქმა უნდა, მე ამ ინფორმაციით არ დავკმაყოფილდი და დავუკავშირდი ამჟამად რუსეთში მცხოვრებ ლევან მამალაძესაც, რომელმაც განაცხადა, რომ პარტია „სახალხო ხელისუფლება" მისი და სულხან მოლაშვილის დაფუძნებულია, ამჟამად კი მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუ რა ფორმით შეუერთდება თამაზ მეჭიაურს. რაში სჭირდებოდა ბრეგაძეს სხვისი პოლიტიკური ორგანიზაცია? იგივე წყარო, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხშირად უტყუარია, „ალიასთან" ამბობს, რომ ამით რუსეთის გარკვეულ წრეებთან უნდა გაბმულიყო ურთიერთობები და დაწყებულიყო მოლაპარაკებები დაფინანსების თაობაზე. არ დაგავიწყდეთ, ამავე პერიოდში საქართველოში სტუმრად ჩამოდის რუსეთის დუმის დეპუტატი იგორ მოროზოვი, რომელიც, როგორც ამბობენ, ვლადიმირ პუტინთან გახლავთ დაახლოებული. მეჭიაური მოროზოვს შეხვდა გორში, სადაც პურმარილიც გაიმართა და ფოტოებიც გავრცელდა. მაშინ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან ასეთი განცხადება გააკეთა:


„გუშინ გორში შევხვდი იგორ მოროზოვს, რომელსაც შვებულება აქვს და აქ იმყოფებოდა. გვქონდა საქმიანი საუბარიც. პრივატულ საუბარს ვერ დაგიკონკრეტებთ. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მოგახსენებთ".


რა პრივატული საუბარი გაიმართა? წყაროს თქმით, მოროზოვმა მეჭიაურს უთხრა: დაფინანსება იქნება, მაგრამ ასევე იქნება დავალებები, თუ რა მიმართულებით იმუშავებთ და რა სახის განცხადებებს გააკეთებთ, ანუ რა ფორმით გაატარებთ რუსულ ინტერესებს. აქ მეჭიაური აფეთქებულა და მოროზოვისთვის ლამის დედა უგინებია, რას ჰქვია, დავალებები იქნება და თქვენი ინტერესები უნდა გამოვხატოო? მოროზოვს უთქვამს, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავსო. პრინციპში, მართალია, ისე ფულს ვინ მოგცემს, თუ მისი ინტერესებიც არ გაითვალისწინე? მას შემდეგ, რაც მეჭიაურმა დუმის დეპუტატი გაწბილებული გაუშვა, აქ უკვე დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო სანდრო ბრეგაძემ - გააბა ფარული ურთიერთობა ამ ადამიანთან და აი, აქ გაჩნდა მამალაძის პარტიის „წამოღების" იდეა მამალაძის გარეშე. მართალია, სანდრო ბრეგაძე ამ ფაქტს უარყოფს, მაგრამ სინამდვილეში „განშორების" მიზეზი სწორედ ეს გახდა. მეტიც, მეჭიაურს უთქვამს, წადი და რამდენიმე კილომეტრის რადიუსშიც კი აღარ მომიახლოვდე, შენ ინტრიგების მხლართავი და მოღალატე ყოფილხარო.


მოგვიანებით ბრეგაძე „ალიასთან" ამბობს, რომ ის არ იქნება იქ, სადაც იქნებიან ლევან მამალაძე და ზვიად ჩიტიშვილი. სხვათაშორის, ჩიტიშვილი მეჭიაურისთვის უკვე მეორე სერიაა - მას შემდეგ, რაც ბრეგაძე და მოროშკინა მისი პარტიიდან წამოვიდნენ, დაიწყო მოლაპარაკებები ჩიტიშვილთან (პარტია „ჩვენი სამშობლო"), რომელსაც, როგორც ჩანს, მეგობრული ურთიერთობები აქვს ლევან მამალაძესთან და მის გარემოცვას სურს, რაღაც ფორმით მაინც შემოიყვანოს საერთო „სასტავში". თუმცა მეჭიაური ამისი სასტიკი წინააღმდეგია და ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მამალაძის ხსენებაც არ უნდა. ლალი მოროშკინა ამ ეტაპზე გამოკვეთილ კომენტარს არ აკეთებს, ის ელოდება უხერხული მოვლენების დასრულებას და სხვა რომელიმე ძალასთან შეერთებას.


სავარაუდოდ, შეიქმნება ან მოიძებნება კიდევ ერთი პარტია, სადაც იქნებიან სანდრო ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე, შალვა ხაჭაპურიძე და მამუკა არეშიძე. სხვათაშორის, ბოლო დღეებში გაჩნდა ვერსია, თითქოს ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია მეჭიაურზე. მას უთქვამს, ეგ „მრეწველებთან" უნდა ყოფილიყო, გეგმიდან გადაუხვია, ევოლუციური გზით აღარ მიდის, მარგინალებთან დაიჭირა საქმეო. მარგინალებში იგულისხმებიან რუსეთის მოქალაქე ჩიტიშვილი, მამალაძე და ის წვრილ-წვრილი პარტიები, ვისთან ერთადაც მეჭიაურმა შექმნა საარჩევნო ბლოკი. ამბობენ, რომ სწორედ ამ საკითხის გამოსწორების მიზნით მიუბრუნდა გოგი თოფაძეს და მართავს მოლაპარაკებებს. ამ დღეებში, ალბათ, ყველა მხარე გააკეთებს განცხადებას. ერთი მხარე იტყვის, რომ რუსეთიდან გამოგზავნილ მარგინალებთან არ ითანამშრომლებს, მეორე მხარე კი იტყვის, რომ პარტიიდან გაშვებულები მეჭიაურის ზურგს უკან თამაშობდნენ ბინძური განზრახვით - უნდა ჩამოეშორებინათ რეიტინგული ლიდერი და თავად წაეყვანათ „პარადი". სხვათაშორის, სანდრო ბრეგაძემ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, მე ეროვნული კაცი ვარ და სადაც ბინძური ფული ტრიალებს, იმ საქმეში არ გავერევიო. „ალიასთან" არ აკონკრეტებს, რა ბინძურ ფულს გულისხმობს. შესაძლოა, იმაზე იყოს ლაპარაკი, რასაც ჩიტიშვილი დახარჯავს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს, სადღაც კიდევ არის ჩამარხული ძაღლის თავი, რაც, ალბათ, უახლოეს მომავალში გამოაშკარავდება.




გელა ზედელაშვილი



 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner