უკრაინული მედიის ცნობით, „გაზპრომის“ მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც რუსული კომპანია 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით გაზის მიწოდებას სრულად წყვეტს, ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 3 500 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა. „გაზპრომის“ განმარტებით, ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვა ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.
როგორც ბირჟის – ICE-ს მონაცემები მოწმობს, ნიდერლანდებში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული კონტრაქტების ღირებულება სექტემბერში ჰაბზე TTF ვაჭრობის შედეგად გაიზარდა 341 ევრომდე ერთ მეგავატ საათზე (3,54 ათასი დოლარი 1000 კუბურ მეტრზე). ეს თითქმის 600%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
წინა რეკორდი გასულ კვირაში დაფიქსირდა, როდესაც ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 3 000 დოლარს გადააჭარბა. 2 500 დოლარზე მაღალი ფასი ევროპაში პირველად მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ დაფიქსირდა.