logo_geo
eng_logo
თორნიკე შენგელია: ვერ გადმოგცემთ, რა გრძნობა მეუფლება, როდესაც თქვენგან ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ - მხარზე მეტად სული მტკივა, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს ნაკრების დახმარებას ვერ შევძლებ
- +

27 აგვისტო. 2022. 23:41

 

 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას განცხადებას ავრცელებს.

 

„ყველას უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისა და პოზიტიური მესიჯებისთვის. ვერ გადმოგცემთ, თუ რა გრძნობა მეუფლება, როდესაც ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენგან! იმ დღიდან, როდესაც გაირკვა, რომ ეს ღონისძიება ჩემს სახლში ტარდებოდა, ალბათ არც ერთ დღეს არ ჩაუვლია ისე, რომ ამ ევრობასკეტზე არ მეფიქრა. თითოეული ჩემი მოქმედება იყო მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვედროდი თამაშებს და თქვენი მოლოდინები გამემართლებინა. მაგრამ სპორტში, სხვა ბევრ დადებითთან ერთად, სამწუხაროდ, ასეთი მომენტებიც ხშირია. მხარზე მეტად სული მტკივა, რომ ვერ შევძლებ საქართველოს ნაკრების დახმარებას ასეთ მნიშვნელოვან მომენტში და ვერ ვიდგები მოედანზე ჩემი ბიჭების გვერდით საჭირო დროს. თუმცა დღეს მე ვარ მშვიდად, რადგან ვიცი ჩვენი გულშემატკივრის და ჩემი ბიჭების ხასიათი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რთული მომენტები უფრო დიდ მოტივაციას და ძალას შემატებს ჩვენ ბიჭებს!ჩემზე არ იდარდოთ, ამ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ და უფრო ძლიერიც დავბრუნებულვარ, მადლობა ღმერთს, რომ მომცა ბრძოლის უნარი და მეხმარება სირთულეების გადალახვაში. ახლა კი გთხოვთ, ყველა თქვენი პოზიტიური ენერგია და მხარდაჭერა ჩვენი ნაკრებისკენ იყოს მიმართული, პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ თქვენ თითოეულ გამამხნევებელ შეძახილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. მხოლოდ ერთად, გუნდურად შევძლებთ დიდი მიზნების მიღწევას!“, - აღნიშნავს თორნიკე შენგელია.

 

ნიდერლანდებთან შეხვედრის დროს, შენგელიამ ტრავმა მიიღო და თამაშს გამოეთიშა. ტრავმის გამო, ის ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner