ავტორი ანა ფერაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვანის რაიონში მოსახლეობის დაუკითხავად მიწები გაასხვისა.
„მაშინ, როცა ბრძნული გამომეტყველებით და მრისხანებით ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოდის და საუბრობს, თითქოს საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთის მოსახლეობას ხელისუფლებამ საძოვრები უნდა გაუყიდოს, მე გამახსენდა წინა ხელისუფლების ანუ „ნაციონალური მოძრაობის" ნამდვილი სახე.
2011 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ" ვანის რაიონის მოსახლეობის დაუკითხავად მოახდინა 29 ჰექტარის საძოვრის გასხვისება. საერთო ჯამში 2000-მდე ოჯახი დატოვეს ულუკმაპუროდ. მოსახლეობის უმრავლესობა ამ საძოვრებით ირჩენდა თავს. მაშინვე მოსახლეობასთან ერთად ჩავერთე ამ პრობლემის მოგვარებაში და დღეის მდგომარეობით ხალხი ამ საძოვრებით ისევ სარგებლობს.
მინდა, „ნაციონალურ მოძრაობას" შევახსენო ის, რაც გააკეთეს და რასაც სხვა რაიონებში აკეთებდნენ. და მინდა ვუთხრა მათ, რომ მოსახლეობის დაბოლებას თავი დაანებონ", - აღნიშნა დათო ლორთქიფანიძემ.