Christie's აუქციონზე კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებლის, პოლ ალენის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია გაიყიდება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ყველაზე მასშტაბური აუქციონი იქნება ისტორიაში: ტილოების საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
კოლექციაში შედის აღორძინების ხანის ოსტატების, იმპრესიონისტებისა და მე-20 საუკუნის მხატვრების ნამუშევრები - სულ 150 ტილო, რომლებიც 5 საუკუნის განმავლობაში იყო დაწერილი. მათ შორის არის ფრანგი პოსტიმპრესიონისტის, პოლ სეზანის ცნობილი ნამუშევარი „მონ სენ ვიქტუარი“.
ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხა კი ალენის სურვილის თანახმად, ქველმოქმედებას მოხმარდება.
პოლ ალენმა კომპანია Microsoft-ი ბილ გეიტსთან ერთად 1975 წელს დააარსა. მან კომპანია 8 წლის შემდეგ დატოვა, როცა კიბოს იშვიათი ფორმა - ჰოჯკინისლიმფომა დაუდგინეს. მან დაავადება დაამარცხა. 2010 წელს ალენმა პირობა დადო, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება. იმ მომენტისთვის ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 37-ე პოზიციას იკავებდა.
პოლ ალენი 2018 წელს, ლიმფომითდაიღუპა. ის 65 წლის იყო.