„უკრაინას შეუძლია ევროპის კონტინენტის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ქვეყნები უკრაინასთან ერთად შეძლებენ არ დაუშვან მსგავსი კრიზისები. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას აქვს უნიკალური გაზის შესანახი სისტემა, რომლის მოცულობა 30 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტია, ის ევროკავშირის საზღვართან ახლოს მდებარეობს და ევროპელებს შეუძლიათ მათი გამოყენება.
„ჩვენ გვეკითხებიან: როგორ შეიძლება დახმარება? აი, ასე პრაქტიკულად - გამოიყენეთ ჩვენი გაზის საცავები უკვე ამ სეზონზე. დღის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს 15 მილიარდი კუბური მეტრის თავისუფალი მოცულობა. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი დახმარება, ეს კი იქნება თქვენიც და საკუთარი თავის დახმარებაც“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ემზადება ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდისთვის ევროკავშირის ქვეყნებში.
„მიუხედავად ომისა, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ ექსპორტს და ჩვენი ელექტროენერგია მნიშვნელოვნად იაფია, ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით. ჩვენ რეალურად შეგვიძლია კრიზისის დაძლევაში დახმარება, რაც უკავშირდება ცხოვრების ღირებულებას ჩვენს მეზობელ ევროკავშირის ქვეყნებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ქვეყნებს მოუწოდა უკრაინაში მწვანე ენერგიის წარმოებაში ინვესტირებისკენ.
„ევროპის დამოუკიდებლობას რუსეთისგან, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორში, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ყველა ევროპელისთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვამბობთ, რომ უკრაინასთან ერთად, ევროპას შეუძლია ბევრად მეტი გააკეთოს, ვიდრე რუსეთთან", - განაცხადა პრეზიდენტმა.