ტელეკომპანია CNN-თან საუბარში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ სამხრეთ უკრაინაში, რუსული ძალების წინააღმდეგ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა მიმდინარეობს.
„ეს დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევითი ოპერაციაა. ის დღეს დილის 7:00 საათზე (ადგილობრივი დროით) დაბომბვითა და სარაკეტო იერიშით დაიწყო. ეს პირველი შემთხვევაა 2022 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც უკრაინული ჯარების ასეთი [კონცენტრაცია] დასავლური არტილერიით, დასავლეთის HIMARS-ით და დასავლური რაკეტებით ამ კონტრშეტევისთვის შეგროვდა“, - აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.
მანამდე უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა, ნატალია ჰუმენიუკმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ ფრონტზე რამდენიმე მიმართულებით შეტევითი ქმედებები დაიწყეს.