1976 წლის 16 სექტემბერს ერევნის ტბის პირას მიმავალი ტროლეიბუსი წყალში გადავარდა და დახრჩობისთვის განწირული 92 მგზავრი ფსკერისაკენ წაიყოლა.
ამ დროს ტბის ირგვლივ თავის ყოველდღიურ გარბენს ასრულებდა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ცურვაში შავარშ კარაპეტიანი. მან შეამჩნია უბედური შემთხვევა და ამღვრეულ წყალში გადაეშვა. შემდგომ ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია იმის გაკეთება, რაც მან შეძლო - ფეხებით ჩაამსხვრია ტროლეიბუსის უკანა მინა და დაიწყო გონდაკარგული მგზავრების გამოთრევა. 20 წუთი დაჰყო ყინულიან წყალში და 20 სიცოცხლე გადაარჩინა... თუმცა სინამდვილეში მან 46 მგზავრი ამოიყვანა, მაგრამ ყველას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ყოველი ამოყვინთვის შემდეგ ჩანდა, თუ როგორ ემატებოდა სხეულზე მინის ნამსხვრევებით დასერილი ადგილები.
კითხვაზე - „რა იყო ყველაზე მძიმე?", კარაპეტიანმა უპასუხა: „ვიცოდი, რომ მთელი ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, ძალა მხოლოდ მგზავრთა გარკვეულ რაოდენობაზე მეყოფოდა. ხილვადობა ნულის ტოლი იყო. ხელის შეხებით ვპოულობდი ადამიანებს და დაუფიქრებლად, დრო რომ არ დამეკარგა, ზევით მოვაცურებდი. ერთ ამოყვინთვაზეც აღმოჩნდა, რომ სავარძლის დასაჯდომი ტყავის ბალიში ამომიტანია. დავყურებდი ამ ბალიშს და საშინელება იყო იმის გაფიქრება, რომ ჩემი შეცდომის საზღაური ვიღაცის სიცოცხლე იყო".
მეორე დღეს შავარშ კარაპეტიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჰქონდა ფილტვების ანთება, 40 გრადუსი სიცხით, რომელიც შემდეგ სეფსისით გართულდა. ექიმები გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ, თუმცა 46-ე დღეს ავადმყოფი გონს მოეგო. ფილტვში მრავალრიცხოვანი შეხორცებების გამო ყოველი ამოსუნთქვა ტკივილს უკავშირდებოდა. ექიმებმა სპორტის დავიწყება ურჩიეს, თუმცა მას ამის გაგონებაც არ უნდოდა.
1977 წელს შავარშ კარაპეტიანი გახდა საბჭოთა კავშირისა და ევროპის ჩემპიონი და დაამყარა ახალი რეკორდი, თუმცა ამის შემდეგ მას მაინც მოუწია სპორტის დატოვება ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
იმ შემაძრწუნებელ ოც წუთში მისი მოცურავის ნიჭი დასამარდა, რადგან ადამიანებისადმი სიყვარულის ნიჭი გაცილებით ძლიერი გამოდგა.