აშშ-ის, სომხეთის, საქართველოს, ერაყის, იორდანიის, ლიბერიის, ფილიპინების, სიერა-ლეონეს, უგანდასა და უკრაინის მთავრობები გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაში საფრთხის შემცირების პარტნიორობის წვლილზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„COVID-19-ის პანდემიამ ხაზი გაუსვა ძლიერი ეროვნული შესაძლებლობების მნიშვნელობას ინფექციურ დაავადებათა ზედამხედველობის, დიაგნოსტიკისა და რეაგირების კუთხით. საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენი მთავრობები ღიად და გამჭვირვალედ თანამშრომლობენ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების ერთობლივი პროგრამის ნაწილია. ეს პარტნიორობა მიზნად მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავს; მათ არაფერი აქვთ საერთო იარაღთან. ეს პარტნიორობა იცავს ჩვენს ქვეყნებში ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობას, მათ შორის ინფექციური დაავადებების პრევენციის, გამოვლენისა და კონტროლის კუთხით და ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. როგორც ამ პროგრამის პარტნიორებს, თითოეულ ჩვენგანს უშუალო ცოდნა აქვს ჩვენს საერთო მიზანთან მისი შესაბამისობის შესახებ - თანამშრომლობა გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ჩვენს საზოგადოებებზე ინფექციური დაავადებების ზემოქმედების შესამცირებლად. ჩვენი მთავრობები მტკიცედ ადასტურებენ საერთო შეხედულებას, რომ ასეთი თანამშრომლობა არ უნდა დაირღვეს, არამედ მას ხელი უნდა შეეწყოს და გაძლიერდეს. ბიოლოგიური იარაღის კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებთ, იმუშაონ ერთად ამ მიზნის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომლის ტექსტსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.