თეთრი სახლი ინფორმირებულია უკრაინის მიერ სამხრეთის მიმართულებით კონტრშეტევის დაწყების თაობაზე, თუმცა უკრაინის კონკრეტულ სამხედრო ოპერაციებზე კომენტარის გაკეთება არ სურს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად უკრაინის კონტრშეტევის ზომისა და მასშტაბისა, უკრაინელებმა უკვე იქონიეს გავლენა რუსეთის საბრძოლო პოტენციალზე.
„რუსებს მოუწიათ რესურსის აღმოსავლეთიდან გამოყვანა მხოლოდ განცხადებების გამო იმის შესახებ, რომ უკრაინელები სამხრეთით კონტრშეტევის დაწყებას გეგმავდნენ. ამის გამო მათ მოუხდათ ზოგიერთი ქვედანაყოფის დასუსტება უკრაინის აღმოსავლეთით, რათა რეაგირება მოეხდინათ იმაზე, რასაც ისინი ცალსახად მიიჩნევდნენ საფრთხედ“, - განაცხადა კირბიმ.
მისივე ინფორმაციით, რუსეთი კვლავინდებურად განიცდის კადრებთან დაკავშირებულ პრობლემებს უკრაინაში და ამიტომ ცდილობს "ბოევიკების" რეკრუტირების გაფართოებას რუსეთში.