logo_geo
eng_logo
ერაყის დედაქალაქში შეტაკებებს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა
- +

30 აგვისტო. 2022. 10:18

 

 

ერაყის დედაქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და გავლენიანი შიიტი სასულიერო პირის მუქთადა ალ-სადრის მომხრეებს შორის შეტაკებებისას სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. „ბიბისის“ ცნობით, დაპირისპირება ბაღდადის ქუჩებში ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დაშავებულია 350 ადამიანი.

 

ალ-სადრის მომხრეები ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც შიიტმა სასულიერო პირმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ქუჩაში ისმოდა სროლის ხმა. არეულობა ერაყის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ქალაქშიც გავრცელდა.

 

ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მუსტაფა ალ-ქადიმიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

 

შეტაკებები ძირითადად ერაყის დედაქალაქის მწვანე ზონაში მიმდინარეობდა. არეულობის გამო ნიდერლანდების საელჩოს თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, გერმანიის მისიის შენობაში გადასულიყვნენ.

 

შეტაკებების გამო ირანმა ერაყთან საზღვარი ჩაკეტა, ქუვეითმა კი თავის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

 

„ბიბისის“ ცნობით, შეტაკებების ნაწილი ალ-სადრის მხარდამჭერი „მშვიდობის ბრიგადების“ მებრძოლებსა და ერაყის შეიარაღებული ძალების წევრებს შორის მიმდინარეობდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ზოგიერთი მებრძოლი მძიმე შეიარაღებას იყენებს.

 

მუსტაფა ალ-ქადიმიმ სასულიერო პირს ჩარევისკენ და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მოგვიანებით ალ-სადრმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ შიმშილობა დაიწყო, ვიდრე ძალადობა და იარაღის გამოყენება არ შეწყდება.

 

ერაყში საპროტესტო აქციები და პოლიტიკური კრიზისი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ალ სადრის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხმები ვერ დააგროვა. ალ სადრმა უარი განაცხადა პროირანულ შიიტ მეტოქეებთან მოლაპარაკებებზე, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა შექმნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner